თემურ აბაზოვის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის ადვოკატის, საიას წარმომადგენლის, ეკა მიდოდაშვილის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებულს სახეზე ნამდვილად შარდის წასმა აიძულეს და არა ლუდის, როგორც ამას მარნეულის ყოფილი მერი აბაზოვი ირწმუნება. ამის შესახებ მიდოდაშვილმა დღეს, 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მიდოდაშვილის განმარტებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად თითის ანაბეჭდების ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ბიოლოგიური მასალა, შარდი დადასტურებულია. აღნიშნული დასკვნა კი სასამართლოში მტკიცებულების სახითაც იყო წარდგენილი.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მოქალაქის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მარნეულის ყოფილი მერის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის მძიმე და დიდ სტრესში იმყოფება:
“წამოსვლისას ვესაუბრე ჩემს კლიენტს, ის არის ძალიან დიდ სტრესში, რადგან არ ეგონა, რომ მოსამართლე მსგავს გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ფაქტობრივად, მისი ბრძოლა ამ ეტაპზე დამარცხებულია. დამარცხებულად მიაჩნია თავი, რადგან მან თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა”, – განაცხადა ადვოკატმა.
თეიმურაზ აბაზოვმა დღეს, 13 თებერვალს თქვა, თითქოს მოქალაქე თავად ადასტურებს, რომ ვიდეოში არსებული სითხე, რომლის წასმასაც მას აიძულებენ, არის ლუდი და არა შარდი.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.
“შენ ღირსება არ გაქვს”
“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცოდა.
ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება:
https://www.facebook.com/monitorstudio/videos/1837875082941854/?t=1