ახალი ამბები

საია აბაზოვის გამართლებისთვის სასამართლოსთან ერთად პროკურატურასაც აკრიტიკებს

13 თებერვალი, 2020 • 1058
საია აბაზოვის გამართლებისთვის სასამართლოსთან ერთად პროკურატურასაც აკრიტიკებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ რუსთავის სასაამართლოს ჰქონდა საკმარისი საფუძევლი მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გასამტყუნებლად.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია მიიჩნევს, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე ბრალდების შემსუბუქების შესახებ აჩენს ეჭვის საფუძველს განაჩენის კეთილსინდისერებასთან დაკავშირებით.

“საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება [პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება-გავრცელება] მოუხსნა, თუმცა აღნიშნულ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.

პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ იყო.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის, კერძოდ 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალის მოხსნა. თუმცა საიას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 144 3-ე მუხლით [დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა”, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაზარალებულის ინტერესებს საია გამოძიების დაწყების მეორე დღიდან იცავს, შესაბამისად, საიას ადვოკატს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომელთა ერთობლიობაც, საიას განმარტებით, ადასტურებდა თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

როგორც საია მიიჩნევს, სასამართლოს მიერ 12 თებერვალს თეიმურაზ აბაზოვის გამამართლებელი განაჩენი არის ერთგვარი წამახალისებელი გადაწყვეტილება მსგავსი ქმედებების ჩადენის მიმართ, რამაც შესაძლოა რთული პრაქტიკა დაამკვიდროს საზოგადოებაში.

“შენ ღირსება არ გაქვს”

“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცოდა.

ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი