ახალი ამბები

კითხვებს ბადებს – ევროპარლამენტარები უგულავას დაპატიმრებაზე

13 თებერვალი, 2020 • 714
კითხვებს ბადებს – ევროპარლამენტარები უგულავას დაპატიმრებაზე

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მომუშავე წამყვანი ევროპარლამენტარები ეხმაურებიან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ხელახალ დაპატიმრებას სამი წლის ვადით და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის საჭიროებაზე მიუთითებენ.

„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა, ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი ბურჯია. ამასთან, ეს საქართველოს ვალდებულებების ნაწილია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განაჩენი ბ-ნი გიგი უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს ამ გადაწყვეტილების პროცედურის, დროისა და მოტივაციის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

„ეს კიდევ უფრო ძაბავს საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაზე ისეთი კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს პარლამენტში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში ვიქნებით“, — წერენ განცხადების ავტორები.

განცხადება ტვიტერზეც გაავრცელა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. მას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები:

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (EPP, DE),
  • ასოცირების საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი (S&D, EE)
  • საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი (S&D, EE).

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთება, სხვა აქტორებთან ერთად, გამოთქვეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი