ახალი ამბები

აბაშიძე ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევაზე: ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა

12 ივლისი, 2015 •
აბაშიძე ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევაზე:  ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა

სოფელ ორჭოსანში რუსმა მესაზღრეებმა საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი 300 მეტრით გადმოსწიეს. 


“ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა, რადგან ჩვენს  რეგიონში, სადაც ასე მყიფეა ყველაფერი, მშვიდობა, სტაბილურობა… ასეთმა პროვოკაციამ შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვდეს და ვერც ვერავინ ვერაფერი გააკონტროლოს. რა თქმა უნდა, ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. ეს არის საერთაშორისო ბერკეტები- საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ საკითხის მწვავედ დაყენება. ჟენევის ფორმატში არ განვიილავთ ამ საკითხებს, მაგრამ იქნება უმწვავესი საუბარი” – ეს განცხადება მედიასთან ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. 

 

კასპში მოქმედი არასამთავობო ორგანიზაციის, “გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი” წარმომადგენლებმა ორჭოსანში მიმავალ გზაზე, თბილისი–სენაკის ცენტრალურ მაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრში, რუსი მესაზღვრეების მიერ აღმართულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ტრაფარეტს (რომელიც მოსახლეობას აუწყებს, რომ იქით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და გადაადგილება აკრძალულია) შავი საღებავი შეასხეს.

 

როგორც ნეტგაზეთს არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენელმა ლევან მამულაშვილმა განუცხადა, მათ ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს ე.წ. მცოცავი საზღვრის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრალური მაგისტრალისაკენ მოიწევს. 

 

“სამწუხაროდ, ყურადღება მხოლოდ ამ ბანერის გადაადგილებაზე მახვილდება, ბანერის გარდა, ორჭოსანის იმ მონაკვეთზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, ნავთობსადენი [ბაქო–სუფსა] გადის. მართალია, ეს ბანერი ჯერ ნავთობსადენის უკან დგას დაახლოებით 100 მეტრში, მაგრამ ეს 100 მეტრი გადმოზომილია და მიწა–თხრილია გაკეთებული, ანუ ამ ტერიტორიის იქით გადასვლას მოსახლეობას უკრძალავენ. მიახლოებაც კი პრობლემატური თემაა”, – ამბობს მამულაშვილი.

 

28 მარტს ტელეკომპანია “თრიალეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანში მისასვლელ გზაზე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალიდან 300 მეტრის მოშორებით განათავსეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, რომელიც მოსახლეობას აუწყებს, რომ იქით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და გადაადგილება აკრძალულია. თრიალეთის ინფორმაციით, აღნიშნული ტრაფარეტის დანახვა ავტობანის ორჭოსანის მონაკვეთზე მიმავალი ავტომობილიდანაც თავისუფლად შეიძლება. 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანთან, ავტობანის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი  რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების მტკიცებით, ბოლო 3–4 თვის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობა არ დაფიქსირებულა, ხოლო ხსენებული ტრაფარეტი არა ახლა, არამედ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს.


ამ საკთხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი