გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმები ხვალ, 11 თებერვალს გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულავას დაკავებას „ნებისმიერი ფასით ცდილობდა“.
„ხელისუფლებამ გადალახა ყველა ზღვარი, რომლის იქითაც აღარ არსებობს ნორმალური პოლიტიკა, მოლპარაკება და შეთანხმების რესურსი“, – ამბობს ბაქრაძე და ამატებს, რომ ამის ფონზე ოპოზიციას შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, კერძოდ კი, გაწყვიტოს ყველანაირი მოლაპარაკება.
„ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამავე ოფისში, სადაც უკვე განვიხილავთ კონკრეტულ გეგმებს – რა ნაბიჯებით გამოვალთ უახლოეს მომავალში. ეს ბრძოლა იქნება არაძალადორბივი და მშვიდობიანი“, – ამბობს ბაქრაძე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.