ახალი ამბები

ავტობუსის მძღოლების 99% ზეგანაკვეთურად მუშაობს, რაც საფრთხეს შეიცავს – აუდიტი

7 თებერვალი, 2020 • 1417
ავტობუსის მძღოლების 99% ზეგანაკვეთურად მუშაობს, რაც საფრთხეს შეიცავს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, თბილისში ავტობუსების მძღოლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 2017-2018 წლებში ზეგანაკვეთურად იმუშავა, რაც თავის მხრივ, მგზავრებისთვისაც საფრთხის შემცველია.

შესაბამისი ანგარიში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესახებ სახელმწიფო აუდიტმა დღეს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიაში, რომლის შემოსავალი, ჯამში, 548,138.0 ათასი ლარია, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ლარი, შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა დაცული არ არის. ამ მოთხოვნის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

„ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ასე მაგალითად, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1 398-დან 1 379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1 438-დან 1 420-მა მძღოლმა. მათი ძირითადი ნაწილი დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს.

„აღნიშნული კატეგორიის დასაქმებულების სამუშაო პერიოდის ზეგანაკვეთური გაზრდა შესაძლოა შეიცავდეს რისკებს მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც.

კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის საათობრივი სახელფასო განაკვეთი იზრდება 25%-ით. 2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით აანაზღაურა 1 310.9 ათასი ლარი“, – ამბობს აუდიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი