თბილისში, პეკინის გამზირზე, საიუვილერო მაღაზია „რედბერი“ გაქურდეს. დაწყებულია გამოძიება.
კომპანია „რედბერის“ გავრცელებულ კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს:
მაღაზიის პეკინის გამზირის ფილიალის მინებიან შესასვლელს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი ბიჭები ქვებითა და ჩაქუჩით ამსხვრევენ, შიგნით შედიან, ძვირფასეულობას იღებენ და მალევე გარბიან.
კამერაზე აღბეჭდილი დროის თანახმად, ქურდობა 7 თებერვალს, გამთენიისას, 05:12 საათზე მოხდა.
შსს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ეს მუხლი გულისხმობს ქურდობას, რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და „ჩადენილია … საცავში უკანონო შეღწევით“.
ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
„რედბერი“ წერს, რომ ეს ფილიალი მუშაობას ხვალ განაახლებს.