ლაგოდეხის მერიის პრესსმსახურის თანამშრომელი ლიკა სამყურაშვილი ლაგოდეხის მერის Facebook გვერდზე დამონტაჟებული ფოტოს გამოქვეყნებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. მისივე თქმით, ფოტო გვერდიდან მალევე აიღეს.
“ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი.. ერთ წუთში ავიღეთ [ფოტო]. ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ მეგონა, რადგან ზუსტად ერთ წუთში ავიღეთ. ეს შემიძლია გითხარათ”, – უთხრა სამყურაშვილმა ნეტგაზეთს.
ნეტგაზეთი ლაგოდეხის მერს, ჯონდო მდივნიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და გვითხრა:
“კონკრეტულად მაგ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ. სხვა თუ რამე კითხვა გაქვთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცხოვრებასთან, პრობლემებთან ან გამოწვევებთან დაკავშირებით, შემიძლია გესაუბროთ”.
გრაფიკულად დამუშავებული ფოტო თავდაპირველად Facebook-ის მომხმარებელმა სერგი ბერიანიძემ გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მერმა საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწორო და თანამშრომლებს ფოტოში თავი “ჩაასმევინა”.
“ლაგოდეხის მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო.. ადგა და ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი მერიის თანამშრომლებს, ოღონდ დაპატარავება დაავიწყდათ და სახლზე დიდი გამოვიდა, შემდეგ რაც მოხდა, გაგაოცებთ, ადგა და პროფილის ფოტოდ ატვირთა. რა თქმა უნდა, მალევე წაშალა, როგორც მიუხვდნენ” ,- წერდა ის.