საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში ეხმაურება კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების შეფასებები კორექტულობის ზღვარს არ უნდა სცდებოდეს.
“არცერთი კრიტიკული შეფასება არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ უნდა სცდებოდეს კორექტულობის ზღვარს. ამ შემთხვევაში, მსგავსი არაკორექტული განცხადება ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოში ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან რაც არ უნდა ვიწროპარტიული და ვიწროორგანიზაციული ინტერესები გვაშორებდეს, ეს არის საქართველოსთვის დამაზიანებელი. როდესაც ისმის კრიტიკა სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის საქართველოს კრიტიკა”, – განაცხადა ჯაშმა მედიაცენტრ “მთავარში” და დასძინა, რომ აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე.
დეპუტატი არარეალურად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას და ამბობს, რომ ამის საფუძვლებს ვერ ხედავს.
“რაც შეეხება სანქციებს, ხშირად გვესმის ბიძინა ივანიშვილის შედარება მოლდოვის ოლიგარქის შემთხვევებთან, რაც არასწორია. როდესაც ვაკეთებთ შედარებას, უნდა გავიხსენოთ, რომ მოლდოვის შემთხვევაში აღნიშნული პიროვნების თუ ოლიგარქის მიმართ უკვე იყო სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული მოლდოვის სახელმწიფოს მხრიდან. მსგავსი შედარებები არარელევანტურია და მე დიდი იმედი მაქვს და მხოლოდ ვისურვებდი, რომ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც საერთაშორისო იმიჯით, ასევე, შეფასებებით, ჯდებოდნენ კრიტიკული ანალიზის ფორმატში, მაგრამ არა – შეურაცხმყოფელი და არაკორექტული განცხადებების“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” ლიდერს პუტინის მარიონეტი უწოდა და სხვა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას.
“მე მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ “სეზამის ქუჩის” პერსონაჟ Oscar The Grouch-ს (“უხასიათო ოსკარი”) და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ამერიკელ ინვესტორს საქართველოში და ასევე შეუტია ადამიანის ძირითად უფლებებს”, – აღნიშნა პიტ ოპლსონმა.