როგორც “კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” (GNCC) აცხადებს, „კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.
საქმე ეხება კომპანიების წილების გასხვისებას კომისიის თანხმობის გარეშე. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. როგორც GNCC აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა, დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.
GNCC-ის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო 12 დეკემბერს კომისიამ კომპანიები 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ ვალდებული იყვნენ, 18 იანვრამდე აღედგინათ წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა.
როგორც GNCC ამბობს, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.