ახალი ამბები

გაურკვევლობაში მყოფი ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში

6 ივლისი, 2015 •
გაურკვევლობაში მყოფი ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში

გუშინ საბერძნეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგებითაც კრიზისის დაძლევის საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას და მკაცრ ეკონომიკურ რეფორმას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა. იმ შემთხვევაში, თუ ახლო მომავალში კრედიტორები და საბერძნეთი ამ უკანასკნელის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პირობებზე მოლაპარაკებას ვერ მოახერხებენ, ქვეყანას შესაძლოა ევროზონის დატოვება და საკუთარ ვალუტაზე გადასვლა მოუწიოს, რისი დეკლარირებული სურვილიც ციპრასის მთავრობას არ აქვს.


ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მათი დამსაქმებლები სწორედ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას იმედოვნებენ, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ქვეყანა ევროზონას დატოვებს, ეს სავარაუდოდ იქ მცხოვრები ქართველების შემოსავლებზეც აისახება.

“პირადად მე ჯერ არაფერი შემხებია, 30 ივნისს გამისტუმრა ხელფასი დამსაქმებელმა. გუშინ, რეფერენდუმის შემდეგ შემოიარა ჩვენთან და დამამშვიდა: ერთად დავდგეთ და არ გაგვიჭირდებაო, თუ დრაჰმი შემოვა [ევროს ნაცვლად] თავისთავად აირევა ხელფასი, ჯერ ყველაფერი ქაოსშია. ის, რომ თითქოს ბერძნები გვეუბნებიან, წაეთრიეთ საქართველოშიო, როგორც ეს ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, სრული სიცრუეა. მე 650 ევრო მაქვს ხელფასი, დამიკლებენ? დავიკლებ, მეტი რა გზა გვაქვს? საქართველოში სკოლაში აღარ მიმიღებენ, პენსიონერი გავხდი”, – ამბობს მარინა წერეთელი, პედაგოგი, რომელიც საქართველოში 25 წლის განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა სკოლაში.

იგი უკვე 6 წელია ათენში ცხოვრობს. ამჟამად 93 წლის მოხუცს უვლის. სხვა ემიგრანტების მსგავსად შემოსავალს სამშობლოში ოჯახს ურიცხავს. რა მოხდება, თუ ეკონომიკური კრისიზისის შემთხვევაში ხელფასს ისე შეუმცირებენ, რომ საქართველოში გამოსაგზავნი აღარაფერი დარჩება?

“თავისთავად გააჩნია შემცირებასაც, მაგრამ იმასაც, რომ არავინ  მომცემს საქართველოში?”.

 

მარინა წერეთლის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ ქართველ მეზობელს ამ თვის ხელფასის მხოლოდ ნახევარი გადუხადეს, თუმცა ბოდიში მოუხადეს:

 

“უდიდესს პატივს ვცემ ბერძნებს, თბილი ხალხია, მე პირადად ცუდი არ შემხვედრია, ჩემს მეზობელს ნახევარი თვის ხელფასი მოუტანეს და ბოდიში მოუხადეს დიდი”, – ამბობს იგი ჩვენთან საუბარში.

 

ლელა გოგალაძე სალონიკში მუშაობს. ისიც მოხუცს უვლის. ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მის დამსაქმებელს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა. ვაჭრობის სფეროში მუშაობს და შეკვეთები გაუნახევრდა, თუმცა მისთვის ხელფასის დაკლებაზე ჯერ არაფერი უთქვამთ:

 

“ხელფასის დაგვიანებას ადგილი ჰქონდა, რადგან ბანკები დაკეტილია, მაგრამ დაკლებაზე ჯერ არავინ საუბრობს, რადგან ელოდებიან, ამ 48 საათში რა შეთანხმებას მიაღწევენ [საბერძნეთის მთავრობა და კრედიტორები]. ჩემი დამსაქმებელი კრიზისის საკითხზე არ საუბრობს. მოთმინებით ველოდებით მოლაპარაკების შედეგს და ალბათ შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – ამბობს ლელა ჩვენთან საუბარში.

 

ემზარი საბერძნეთში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც გზებს აგებს. ამბობს, რომ ხელფასი პარასკევს უნდა აეღო, თუმცა ვერ მისცეს. იცის, რომ ამ კვირაში სამუშაო ექნება, რა იქნება შემდეგი კვირიდან? ინფორმაცია არ აქვს.

ლია ტყემალაძე საბერძნეთში უკვე 20 წელია ცხოვრობს. იგი ათენში კერძო ექთნად მუშაობს და ხელფასს გამომუშავებაზე იღებს. ამბობს, რომ ამ დროისთვის ამ კუთხით არავითარ პრობლემა არ შეხებია.

 

“ჯერჯერობით ადრეა მაგაზე საუბარი. იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორც აქამდე ვიყავით”, – ამბობს და დასძენს, რომ თუ ქვეყანა ფინანსურ ზარალს განიცდის, ეს ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის იქ დასაქმებულ ქართველებსაც.

თამარ ირემაძე ათენში უკვე 10 წელია ცხოვობს. ამჟამად თავის დამსაქმებელს საოჯახო საქმეებში ეხმარება.

 

“ჯერ თვითონ ბერძნებმაც არ იციან, რა მოხდება. თვის ბოლოს ხელფასი უნდა მოეცათ ჩემთვის, თუმცა ჯერ არ მოუციათ. ვიცი, რომ ზოგიერთი ქართველი სამსახურიდან გამოუშვეს. ბანკები დღესაც საერთოდ არ მუშაობს”, – ამბობს იგი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ფულად გზავნილებში საბერძნეთს მეორე ადგილი უკავია. 2015 წლის 5 თვეში საბერძნეთიდან საქართველოში 15 344 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან- 1 519 900 აშშ დოლარი.  საბერძნეთის საფონდო ბირჟა და ბანკები 7 ივლისამდე დაიკეტა. შეჩერებულია ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან საქართველოში.

 

„იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა უკვე დაიკლო დაახლოებით 18 პროცენტით. ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში დაახლოებით 2, 3 მლნ. დოლარს შეადგენს ის დანაკლისი, რაც წინა წელთან შედარებით გვაქვს. თუმცა მთლიან ბალანსში ეს დიდი რიცხვი არ არის იმ ზომებიდან გამომდინარე, რასაც ვღებულობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით“, – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა 5 ივლისს.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, საბერძნეთში ხუთი დღით ან ერთი კვირით ბანკების დახურვამ პროცესზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუ მოვლენები შემდგომში ნორმალურად განვითარდა.

 

„თვითონ სიტუაცია, რაც არის საბერძნეთში, უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო ალბათ ის არის, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ. ფულის გამოგზავნის საშუალების მონახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ამიტომ ვნახოთ, ივლისის პირველი შეზღუდული კვირის შემდეგ რა იქნება და რეფერენდუმი რა შედეგებს მოიტანს“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

არაოფიციალური სტატისტიკით საბერძნეთში 250 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.


რეფერენდუმი საბერძნეთში © EPA/KAY NIETFELD
რეფერენდუმი საბერძნეთში © EPA/KAY NIETFELD

მასალების გადაბეჭდვის წესი