ახალი ამბები

520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების რიცხვი 4.8%-ით შემცირდა – მინისტრი

5 თებერვალი, 2020 •
520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების რიცხვი 4.8%-ით შემცირდა – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების რიცხვი 4.8%-ით შემცირდა.

მისივე თქმით, კარდიოლოგიურ ჩარევებზე ინფორმაციას კლინიკები დისკით უგზავნიან სამინისტროს. ტიკარაძე ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციის ანალიზით დაადგინეს, რომ კლინიკები იმაზე მეტ მომსახურებაზე მოითხოვდნენ ანაზღაურებას, ვიდრე რეალურად იყო განხორციელებული, შესაბამისად, ბიუჯეტიდან უფრო მეტ თანხას იღებდნენ. პარლამენტში გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხს უკვე სწავლობს რეგულირების სააგენტო :

“520-ე დადგენილებაში ნახსენები ნოზოლოგიები შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული, რადგან მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სტატისტიკის შედარებით იკვეთებოდა, რომ ხელოვნურად გაზრდილი იყო გარკვეული მომსახურეობების რიცხვი. დღესდღეობით დავინახეთ, რომ 4.8%-ით არის შემცირებული მომსახურება ამ მიმართულებით.

შესაძლოა ამ ტრიბუნიდან ეს ძალიან მწვავე განცხადება იყოს… გავბედავ და მაინც ვიტყვი, რომ კარდიოლოგიური ჩარევები სამინისტროში მოდის დისკზე აღბეჭდილი. ამ დისკების ანალიზის შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული რაოდენობები, რომლებიც მოთხოვნილი იყო, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და დისკზე იყო აღბეჭდილი. ჩვენმა რეგულირების სამსახურმა მუშაობა დაიწყო, ისინი ინტენსიურად მუშაობენ… შედეგებსაც გავასაჯაროებთ. გამოიკვეთება თუ არა აქ დანაშაული, ეს უკვე ჩვენი უწყების სამსჯელო აღარ არის. ჩვენ შეგვიძლია ამაზე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ, ასევე ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები.”

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული 520-ე დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი