ახალი ამბები

დაშავებული მუშა მართვით სუნთქვაზეა, ძალიან მძიმედაა – ექიმი

5 თებერვალი, 2020 • 2524
დაშავებული მუშა მართვით სუნთქვაზეა, ძალიან მძიმედაა – ექიმი

ნაძალადევში მშენებარე კორპუსიდან სიმაღლიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნქთვაზეა, — ამბობს მკურნალი ექიმი. მეორე მუშა დაიღუპა.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრეს კორპუსის ახლოს მომუშავე მოვაჭრეებმა, შემთხვევა დილის 12-ის ნახევრისთვის მოხდა. დასაქმებულები ახალგაზრდა კაცები იყვნენ.

ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში, პირველ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც „რუსთვი 2-“თან საუბარში ამბობს ექიმი ხათუნა ხუფენია, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ექიმის თანახმად, დაშავებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება:

„ქალა-ტვინის ტრავმა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა [ანუ სისხლდენა ტვინსა და მის მფარავ გარსს შორის], თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი [ანუ ჰაერის დაგროვება პლევრის (გულ-მკერდის) ღრუში], ხერხემლის დაზიანება, მოტეხილი აქვს ბარძაყის ძვალი და საჯდომი“.

ექიმის ცნობითვე, პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე. „მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია“, – ამბობს ექიმი.

„უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია“

ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიკვეთა და მშენებლობა შეაჩერეს.

„კერძოდ, საუბარია ტვრითის სიმაღლეზე ატანაზე, რომელიც ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით, რის გამოც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერეთ სამუშაო პროცესი“, – უთხრა ფერაძემ ჟურნალისტებს.

ფერაძის განმარტებით, შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა მუშების ჩამოვარდნასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას შორის „მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენაზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.


„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, კორპუსი ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე ინდივიდუალურ მეწარმეს ეკუთვნის.

ჩვენ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას და ასევე იმის გარკვევას, ვინ (ან რომელი კომპანია) მუშაობდა კორპუსის მშენებლობაზე და ჰყავდა თუ არა შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/კომპანია დაქირავებული.


2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა.

2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

„ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი