ახალი ამბები

ბათუ ქუთელიას განმარტება ლობისტურ საქმიანობაზე

3 თებერვალი, 2020 •
ბათუ ქუთელიას განმარტება ლობისტურ საქმიანობაზე

ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია პირად ფეისბუკ-გევრდზე აქვეყნებს განმარტებას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის ლიდერმა დღეს, 3 თებერვალს თქვა, რომ საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან ურთიერთობაში “ნაციონალური მოძრაობის” საკონტაქტო პირად არის მითითებული.

“ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ორიონ სტრატეგი. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ორიონ სტრატეჯი გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.

მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში. რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებზე, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest- ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში”, – ნათქვამია ქუთელიას გავრცელებულ განცხადებაში.

3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის ოქტომბერში აქვს გაფორმებული ლობისტურ კომპანია Orion Strategies-თან [ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ კომპანიასთან კონტრაქტებს აფორმებდნენ საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო].

კონტრაქტის თანახმად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პლატფორმაზეა გამოქვეყნებული, „ნაციონალური მოძრაობა“ „ორიონს“ ლობისტურ საქმიანობაში 250 000 აშშ დოლარს უხდის ერთწლიანი მომსახურებისთვის.

კონტრაქტის იმ ვერსიაში, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული, დოკუმენტის ბოლოში ენმ-ის მხრიდან ხელმომწერის ვინაობა არ ჩანს, თუმცა დოკუმენტში ბათუ ქუთელია მითითებულია, როგორც პირი, რომელთანაც „რეგისტრანტს ურთიერთობა აქვს“.

მდინარაძის ბრიფინგს წინ უძღოდა მედიაში ინფორმაციის გავრელება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 27 იანვარს ხელი მოაწერა სხვა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

ბათუ ქუთელია 2011-2013 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2008-2011 წლებში, საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. კიდევ უფრო ადრე, 2007-2008 წლებში კი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006- 2007 წლებში  თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი