ახალი ამბები

“დროა” უკრაინის სოლიდარობის აქციას აანონსებს და საგარეოს აქტიურობისკენ მოუწოდებს

8 დეკემბერი, 2021 • 1094
“დროა” უკრაინის სოლიდარობის აქციას აანონსებს და საგარეოს აქტიურობისკენ მოუწოდებს

პარტია “დროა” სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება.

“დროას” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომ აშშ და მოკავშირეები უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ; ასევე, მხარდაჭერას აღმოუჩენენ უკრაინას.

“ჩვენ არ გვესმის ანალოგიური მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. გვინდა, მოვუწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს მკაფიო პოზიცია საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გაიზიაროს ის სულისკვეთება, რომელიც გამოხატული იყო აშშ-ის, ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან, მათ შორის, რუსეთზე დაწესებული სანქციების მხრივ და უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მხრივ. მოითხოვოს კონსულტაციები ჩვენს პარნტიორებთან იმ საკითხებზე, რაც საერთო უსაფრთხოების ნაწილია და ეს საკითხი გახადოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი”, — განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მისი აზრით, სოლიდარობის გამოხატვა მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდანაც, ამიტომ პარტია “დროა” ორგანიზებას გაუწევს უკრაინის სოლდიარობის აქციას.

უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა გაუძლებს ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულობასა და რუსეთიდან მომავალი საფრთხეებს.

უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე დაძაბულობის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: „რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი