ბათუ ქუთელია 2011-2013 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2008-2011 წლებში, საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. კიდევ უფრო ადრე, 2007-2008 წლებში კი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006- 2007 წლებში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო.
საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ფეისბუკზე აქვეყნებს ამერიკული ლობისტური კომპანიის, Orion Strategies-ის ხელმძღვანელის, ენდი შეუნმანის წერილს, სადაც აღნიშნიულია, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაფრომებულ ხელშეკრულებაში ქუთელიას სახელი და გვარი შეცდომით მოხვდა.
“Orion Strategies-მა ბათუ ქუთელია დაიქირავა, რათა დაგვხმარებოდა საქართველოში მიმდინარე ტენდენციების სტრატეგიულ აღქმაში, მოეწოდებინა ჩვენთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, თავდაცვისა და პოლიტიკის კუთხით მიმდინარე პროცესების ანალიზი. ელჩი ქუთელია არ ყოფილა ჩართული ჩვენ მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურების რომელიმე პოლიტიკურ ასპექტში, ის ასევე არ იყო ჩართულში აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენს ურთიერთობაში. ადმინისტრაციული შეცდომის გამო ბათუ ქუთელია შეცდომით აღმოჩნდა ჩაწერილი Orion Strategies-ის კონტრაქტში. ეს შეცდომა უკვე გასწორებულია და გაგზავნილია FARA-ში”, – ნათქვამია ბათუ ქუთელიას მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ავტორადაც ენდი შეუნმანი არის მითითებული.
FARA არის იუსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული უწყება. ყველა ამერიკული ლობისტური კომპანია ვალდებულია, აღნიშნულ უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელი დამკვეთებისა და ამ დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და პროაქტიულად ქვეყნება საიტზე.
3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის ოქტომბერში აქვს გაფორმებული ლობისტურ კომპანია Orion Strategies-თან [ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ კომპანიასთან კონტრაქტებს აფორმებდნენ საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო].
კონტრაქტის იმ ვერსიაში, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე 3 თებერვლის მონაცემებით არის გამოქვეყნებული, დოკუმენტის ბოლოში ენმ-ის მხრიდან ხელმომწერის ვინაობა არ ჩანს, თუმცა დოკუმენტში ბათუ ქუთელია მითითებულია, როგორც პირი, რომელთანაც „რეგისტრანტს ურთიერთობა აქვს“.
მდინარაძის ბრიფინგს წინ უძღოდა მედიაში ინფორმაციის გავრელება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 27 იანვარს ხელი მოაწერა სხვა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულების გაგრძელებაზე.