ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას სხვადასხვა დოზით უზღუდავს კიდევ 6 სახელმწიფოს. ტრამპის ბრძანება ძალაში 2020 წლის 22 თებერვლიდან შედის.
ახალი შეზღდუვები გულისხმობს მიანმარის (ბირმა), ერიტრეის, ყირგიზეთისა და ნიგერიის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზაზე უარს, ხოლოს ტანზანიისა და სუდანის მოქალაქეებს ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული გათამაშება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს კვლავინდებურად მისცემენ სტუდენტურ, ტურისტულ, ან სხვა სახის მოკლევადიან ვიზას. შეზღუდვა მხოლოდ საემიგრაციო ვიზებს ეხება.
როგორც CNN იტყობინება, ტრამპის ახალი შეზღუდვა, დაახლოებით, 12 ათასამდე ადამიანზე მოახდენს გავლენას. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზები უკვე მიღებული აქვთ. ასევე, ეს არ გულისხმობს ავტომატურ უარს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამოგზაურო შეზღუდვები თავდაპირევლად, 2018 წელს, დაუწესა ირანის, ლიბიის, სომალის, იემენის, ვენესუელისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზეზი არის ამ ქვეყნების მიერ დოკუმენტაციის გაცემის სისტემების გაუმართაობა, გაუმჭვირვალობა, რაც ართულებს ადამიანთა იდენტიფიცირებას. თავის მხრივ, ამას საფრთხედ მიიჩნევენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.