ახალი ამბები

აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს

31 იანვარი, 2020 •
აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად თამარ არჩუაძე დაინიშნა. ეკონომიკის სამინისტროს  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის წარდგენისას ნათია თურნავამ თქვა, რომ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, ის აქამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

„მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე –  ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების“  მართვას.

ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს”, – ამბობს თურნავა.

დღეს, 31 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. უწყების პრესსამსახუში გადადგომის მიზეზად “პირად განცხადებას” ასახელებენ. ჩოგოვაძის გადადგომაზე კომენტარი ნათია თურნავამაც გააკეთა და თქვა, რომ  ჩოგოვაძეს “ახალი გამოწვევა აქვს”, რადგან “ახალი სფერო ჩაბარდება”. კონკრეტულად სად გააგრძელებს ის საქმიანობას, ეკონომიკის მინისტრს ეს არ უთქვამს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი