ახალი ამბები

ხელისუფლება ცდილობს, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს – GDI

31 იანვარი, 2020 • 2124
ხელისუფლება ცდილობს, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს – GDI

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) გამოაქვეყნა ანგარიში „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“, რომელიც “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. ანგარიშში იდენტიფიცირებულია ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვის პრაქტიკული მაგალითები და ტენდენცია.

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის და დაკავებების, 2019 წლის 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლის და დაკავებების, ასევე, 2019 წლის 30-31 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების აშლის და ადმინისტრაციული დაკავებების ანალიზი ცხადყოფს, რომ “ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებენ მანიფესტანტთა ქმედებებზე”.

GDI-ის შეფასებით, სამართალდამცველები განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ.

“მსგავსი მიდგომა ცხადყოფს, რომ სამართალდამცავთა ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება. მსგავს ტენდენციაზე მოწმობს სასამართლო პრაქტიკაც, რაც გამოიხატება შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის პროცესში დაკავებული პირებისადმი განსაკუთრებით მძიმე სანქციების დაკისრებაში, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების კუთხით”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მიმოხილულია “ღირსების მარშის”, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ნათქვამია, რომ ხელისუფლება არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას და არ იღებს ადეკვატურ ზომებს პირთა მიერ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, მესამე პირების მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის აღსაკვეთად.

GDI სავალალოს უწოდებს ხელისუფლების პოლიტიკას დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთელის სისხლისსამართლებრივი დევნის, ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვების, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტვ კავკასია, ტვ პირველის მიმართ წარმოებული შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას  პირდაპირი იერიში მიაქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს ტელემაუწყებლების ხელმძღვანელი პირების მიმართ. ამასთან, მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები მიუთითებს მის ხელისუფლებასთან თანმხვედრ, ორკესტრირებულ ქცევაზე შეასრულოს მედიაცენზორის როლი და შეზღუდოს მედიის თავისუფლება მაშინაც კი, როდესაც ეს მისი კომპეტენციის ფარგლებსა და კონსტიტუციურ სტანდარტებს მიღმაა.

GDI-ის შეფასებით, შემაშფოთებელია მმართველ წრეებში გამოვლენილი ტენდენცია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებასთან დაკავშირებით.

“ხელისუფლების მცდელობა, ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით შეამციროს და დამატებით სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რეალურად უნდა განიხილებოდეს, როგორც სწორედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის ბერკეტების განმტკიცების მცდელობა. ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან”, – ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი