ახალი ამბები

რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი – გახარია იზორიას ძმაზე

30 იანვარი, 2020 •
რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი – გახარია იზორიას ძმაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ამაზრზენს” უწოდებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას ქცევას, რა დროსაც ის პოლიციელებს დაუპირისპირდა.

“მე რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმაც რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა იმიტომ, რომ პოლიციელები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევე ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე”, – უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც “მთავარმა არხმა” წლების წინ მომხდარი ინციდენტის ვიდეო გაავრცელა.

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი