ახალი ამბები

წულუკიანი: გასაკვრია, რომ კონგრესმენების წერილებში აქცენტი არ კეთდება ოკუპაციაზე

30 იანვარი, 2020 • 1929
წულუკიანი: გასაკვრია, რომ კონგრესმენების წერილებში აქცენტი არ კეთდება ოკუპაციაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  სენატორების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს და ზოგადად აფასებს კონგრესმენების მიერ ბოლო პერიოდში გიორგი გახხარიასთვის მიწერილ წერილებს. წულუკიანი საუბრობს ამერიკულ კომპანია “ფრონტერაზე”, რომლის შესახებაც კონგრესიდან რამდენიმე დღით ადრე მოწერილ წერილში იყო საუბარი.

“ჩვენ, ამ ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობითი და სხვა ორგანოების მოწერილ ნებისმიერ ინფორმაციას თუ წერილს დიდი ყურადღებით ვეცნობით. იმიტომ, რომ ყურადღებით ვეცნობით, ვხედავთ, რომ ამ წერილებში, ზოგიერთ მათგანში, არის გასაკვირი ნაწილი. მაგალითად, ის, რომ ერთი კონგრესმენი, იმ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებებს აკეთებს, რაც დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს.

ჩვენ მანამ, სანამ ფრონტერას საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, თავს შევიკავებთ განცხადებებისგან. ასევე გასაკვირია, რომ ამ წერილებში აქცენტი არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გვაწუხებს – ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი ხარიხსის, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ”, -აცხადებს წულუკიანი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს არის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილი.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები  და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

მიუხედავად წულუკიანის კრიტიკისა, აშშ-ის კონგრესს არაერთხელ გაუკეთებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება და კონკრეტული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მაგალითად, კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის,  ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.

გარდა ამისა, აშშ-ის ბიუჯეტში შესულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი