ახალი ამბები

სოციალურ მუშაკებს გათავისუფლებისას მიზეზი არ განუმარტეს – ხუციშვილი

29 იანვარი, 2020 • 2123
სოციალურ მუშაკებს გათავისუფლებისას მიზეზი არ განუმარტეს – ხუციშვილი

სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით, იმ სოცმუშაკებს, რომელთაც დღეს, 29 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მიუვიდათ, სამინისტრომ გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტა. ხუციშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, სამსახურიდან გათავისუფლების წერილში ზუსტად განემარტა გათავისუფლების მიზეზი:

“დაახლოებით 30 სოცმუშაკზეა საუბარი. როგორც სააგენტო აცხადებს, ეს ადამიანები სამსახურიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს და რეალურად, დღეს, ანუ სამი დღით ადრე გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ.

ერთადერთი არგუმენტი იყო რეორგანიზაცია. სხვა მიზეზი დასაბუთებული არ ყოფილა, თუმცა დასაბუთების ვალდებულება ჰქონდათ, რომ განემარტათ, რა ნიშნით შეარჩიეს ეს ადამიანები”, – განმარტა ხუციშვილმა “ნეგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 239 სოციალური მუშაკია, თუმცა სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში, სულ მცირე, 285 სოციალური მუშაკი უნდა იყოს.

ხუციშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დღეს, 18:00 საათზე, იგეგმება დღეს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების შეხვედრა, სადაც სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ხუციშვილის თქმით, სოცმუშაკები, სავარაუდოდ, სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ სოციალური მუშაკები ინფორმირებულნი იყვნენ, ასევე, მათ გადაეცათ კომპენსაცია ხელსფასის 2 თვის ოდენობით. როგორ სამინისტრო ირწმუნება, არ იგეგმება სოციალურ მუშაკთა რაოდენობის შემცირება და პირიქით, სხვადასხვა მიმართულების გაძლიერებას გეგმავენ. სამინისტროს პოზიცია სრულად ნახეთ აქ.

სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი