ახალი ამბები

სამინისტროს განმარტება სოცმუშაკების გათავისუფლებაზე

29 იანვარი, 2020 •
სამინისტროს განმარტება სოცმუშაკების გათავისუფლებაზე

სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის პირველ მარტს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, დღეს, 29 იანვარს, 30-მდე სოცმუშაკს აცნობეს, რომ პირველი თებერვლიდან სამსახურს დაკარგავენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესში მათ ჰქონდათ კომუნიკაცია თანამშრომლებთან, რომელთაც რეორგანიზაციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნდათ:

“სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის პიველი მარტიდან, შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ, ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მე მათ დავჭირდები რაიმე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მისი განმარტებით,  სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორი თვის კომპენსაცია გადასცა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა.

რაც შეეხება ბავშვებზე ზრუნვის საკითხს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო ამ მიმართულების გაძლიერებას გეგმავს. ასევე იგეგმება მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანება.

ფონდის დირექტორის განცხადებით, რეორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ახალი უწყებაც, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო დაერქმევა:

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და  კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ შემცირდება სოცმუშაკთა რაოდენობა და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

განცხადების მიხედვით, ამ დრომდე აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა, “შესაბამისად, იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა, კონკურსის  გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ”, – წერია განცხადებაში.

სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი