ახალი ამბები

საია: 2020 წელს სამსახურიდან გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა სასამართლო დავა მოიგო

28 მაისი, 2021 • 780
საია: 2020 წელს სამსახურიდან გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა სასამართლო დავა მოიგო

სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2020 წლის 31 იანვარს სოციალური მუშაკის გათავისუფლება თელავის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ავრცელებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა სამსახურიდან გათავისუფლებული სოცმუშაკის უფლებებს.

საიას ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაავალა სოცმუშაკის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაში შესული არ არის და მისი გასაჩივრება მოპასუხეს ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია.

2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მოხდა და მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. ამის შემდეგ კი სამსახურიდან 30-მდე სოცმუშაკი გაათავისუფლეს.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური განმარტავდა, რომ სოცმუშაკების ნაწილის გათავისუფლების მიზეზი სწორედ სსიპ-ის ცვლილება გახდა.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების გათავისუფლების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თანამშრომლებს საშუალება ექნებოდათ, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთ დახმარების სააგენტოში.

ამასთან, სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში სოცმუშაკებთან გასაუბრება 2019 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რაც შესაძლოა მათი გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო, თუმცა 2020 წლის დასაწყისში სამსახურიდან გათავისუფლებული სოცმუშაკები აცხადებდნენ, რომ გასაუბრების პერიოდში არ იცოდნენ, კონკრეტულად რას ემსახურებოდა ეს გასაუბრება.

სოცმუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას სხვადასხვა ორგანიზაცია მიიჩნევდა უკანონოდ. მათ შორის, სოლიდარობის ქსელიც, რომლის წარმომადგენელი, დავით ომსარაშვილი ამბობდა, რომ სოციალური მუშაკები გაათავისუფლეს კონკრეტული მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. მათ შორის ომსარაშვილი განიხილავდა ვერსიას, რომ სახელმწიფო ამ გზით ახალ სსიპ-ში საკუთარი კადრების დასაქმებას ცდილობდა.

იხილეთ ვრცლად:

“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები

მასალების გადაბეჭდვის წესი