ახალი ამბები

სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

29 იანვარი, 2020 • 1718
სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, რომლის დაპირებაც გაფიცვების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გასცა, სოციალური მუშაკების შემცირება დაიწყეს. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბათუმში ოფიციალური შეტყობინება უკვე ჩაჰბარდა 7 სოციალური მუშაკიდან სამს, მათ შორის, უფროს სოციალურ მუშაკს – ნინო ცეცხლაძეს.

„არაფერი ვიცით, ჯერ რა ხდება. ფაქტია, რომ ეს არ უკავშირდება არც ასაკს და არც განათლებას. ამ წერილში წერია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს სამ დღეში ჩაგვაბარებენ…“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ. საუბარია სოცმუშაკებზე, რომლებიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ბავშვებთან მუშაობენ. სოციალურმა მუშაკებმა გასულ წელს გაფიცვებით გააპროტესტეს საკუთარი სამუშაო პირობები და ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ყველაზე დაუცველ ადამიანებს სთავაზობს. მათი სლოგანი ასეთი იყო – „ზრუნვა ცარიელი ხელებით“.

ნინო ცეცხლაძის ინფორმაციით, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ქობულეთშიც ჩააბარეს ორ სოცმუშაკს. ქობულეთში სულ 3 სოცმუშაკია. ნინო ცეცხლაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ათობით სოცმუშაკს მიუვიდა ანალოგიური შეტყობინება.

უფროს სოცმუშაკს ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა ეს გასულ წელს გამართულ აქციებს და რის მიხედვით ამცირებენ სოცმუშაკებს?

„ვერ გეტყვით. ჯერ გარკვევის პროცესში ვართ. დღეს, 6 საათზე აპირებს ჩვენი პროფესიული კავშირი შეხვედრის გამართვას“, – დასძინა ნინო ცეცხლაძემ. იგი არ გამორიცხავს, რომ სოცმუშაკებმა  გაფიცვა ისევ მოაწყონ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ 2019 წლის 8 ნოემბერს „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს აქცენტი სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზე გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ სოცმუშაკის შრომის ანაზღაურება მომავალი წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი