ახალი ამბები

“უჭერთ თუ არა მხარს რუსეთისთვის ახალ სანქციებს?” – უკრაინელი დეპუტატის კითხვა ზურაბიშვილს

28 იანვარი, 2020 •
“უჭერთ თუ არა მხარს რუსეთისთვის ახალ სანქციებს?” – უკრაინელი დეპუტატის კითხვა ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა PACE-ში გამოსვლისას პირდაპირ არ უპასუხა უკრაინელი პარლამენტარის კითხვას, უჭერს თუ არა მხარს რუსეთისთვის ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების დაწესებას – მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. თუმცა ზურაბიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით არსებულ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა.

უკრაინელმა პარლამენტარმა ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს PACE-ს დადგენილებებისა და რეზოლუციების იგნორირებას“ და ჰკითხა ზურაბიშვილს, უჭერს თუ არა მხარს „რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას – მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო“.

ზურაბიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს და ესაა გრძელი ისტორია, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით იქამდე, სანამ ამას უკრაინა განიცდიდა“. ზურაბიშვილმა აგრეთვე ახსენა „ორმაგი სტანდარტების პრობლემა“, რომელზეც, მისი თქმით, ყურადღებას ამახვილებს.

„რაც შეეხება ჩვენი უკრაინელის მეგობრის კითხვას. დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს და ესაა გრძელი ისტორია, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით იქამდე, სანამ ამას უკრაინა განიცდიდა. პრობლემა, რომელსაც მე ვხედავ, რომელზეც მე ყურადღებას ვამახვილებდი, ეხება ორმგაგ სტანდარტებს: არიან ქვეყნები, რომლებსაც არ შეუძლიათ პატივი სცენ თავიანთ ჩართულობას ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე სხვებს, სადაც მონიტორინგი არაა ისეთი ეფექტური, როგორც სხვაგან. რაც უფრო დიდები არიან ისინი, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან სანქციებს, იმპლემენტაციასა თუ მკაცრ მონიტორინგს. ამიტომ, ჩემი მოწოდება ამ ორგანიზაციისადმი არის ის, რომ მოხდეს უზრუნვეყლოფა ერთნაირი სტანდარტის ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ პატივს ვცემდით ყველა შეთანხმებას, მათ შორის იმას, რაც გამოსვლაში აღვნიშნე – ფაქტს, რომ უარი ვთქვით ომზე. არცერთ ამ ნაბიჯს პასუხი არ მოჰყვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა PACE-ში გამოსვლისას სხვა განცხადებებიც გააკეთა – მათ შორის თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე, 20 ივნისის აქციებზე და საარჩევნო სისტემაზე. ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიებს:

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

პრეზიდენტი PACE-ში ამტკიცებს, რომ ჯერ კობახიძე გადადგა და პარლამენტთან შეტაკებები შემდეგ მოხდა. სინამდვილეში სხვანაირად იყო

პრეზიდენტი PACE-ში საარჩევნო სისტემაზე პოზიციას არ აფიქსირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი