საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ამტკიცებს, რომ 20 ივნისის მოვლენებისას ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა და შემდეგ მოხდა შეტაკებები, რისი მიზანიც, მისი თქმით, “პარლამენტზე კონტროლის მოპოვების მცდელობა იყო”.
სინამდვილეში ვითარება სხვაგვარადაა: კობახიძე 20 ივნისს არ გადამდგარა. მისი თანამდებობიდან გადგომის შესახებ აქციის დარბევის შემდეგ განაცხადა მმართველმა პარტიამ 21 ივნისს. მანამდე, 20 ივნისს, როდესაც პარლამენტთან ვითარება ჯერ უკიდურესად დაძაბული არ იყო, ბაქოდან “იმედთან” ჩართვაში კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სერიოზული კომენტარი გააკეთოს მისი გადადგომის მოთხოვნის თაობაზე.
20 ივნისის საკითხზე PACE-ში ზურაბიშვილს კითხვა პოლონელმა დეპუტატმა ალექსანდრე პოციეჟმა დაუსვა
“ქალბატონო პრეზიდენტო, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და ალბათ, როგორც იცით, ყველა პოლონელი საქართველოს მეგობარია. თუმცა, საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესმა და ევროპარლამენტმა გაახმიანეს თავიანთი წუხილი საქართველოში მიმდინარე ტენდენციების გამო. განსაკუთრებით, ივნისში, ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, ან 28 ნოემბრის შემდეგ, როცა ბატონმა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, საჯაროდ განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის ლიდერი მოიხდის სასჯელს ციხეში და უმალვე დაიწყო ოპოზიიციის ზოგიერთი ლიდერის დევნა. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ნუთუ ეს ორი რამ არ გაღელვებთ?”, – განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა.
სალომე ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო:
“დავიწყებ გავრილოვის საკითხით – ჩვენი პოლონელი მეგობრისგან. ვფიქრობ, ეს საკითხი ორად უნდა გავყოთ. თავდაპირველად იყო ქართული საზოგადოების პროტესტი, ძალიან სპონტანური, განპირობებული იმ ფაქტით, რომ რუსი პარლამენტარი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში და გამოვიდა სიტყვით, რომელიც არ იყო მისაღები ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. არავინ უშვებს, რომ ვინმე უნდა სცემონ, მაგრამ ვიღაცებმა თავშეკავებაც უნდა გამოავლინონ.
მეორე ნაწილი, რაც მოხდა ბატონი გავრილოვის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, რადგანაც იყო ინციდენტები და მან აიღო პასუხისმგელობა ამ ინციდენტებზე და მას შემდეგ, რაც საკითხი დაიხურა, დაიწყო მეორე ფაზა, რომელიც დაემუქრა პარლამენტს და იყო ნათელი მცდელობა პარლამენტზე კონტროლის მოპოვების, რაც გაჟღერდა კიდეც რადიკალური ლიდერების მიერ, რომლებიც უძღვებოდნენ ამ მცდელობას. და არ ვიცი… არადა, მაქვს წარსული ბევრ ევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებში [ცხოვრების], არ ვიცი, არცერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიც მისაღები იქნებოდა, რომ მისი პარლამენტი ძალის გამოყენების შედეგად აიღონ და უფრო მეტიც – როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და პარლამენტისგან 40 კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან, როცა ვიცით, რამდენად მარტივად იყენებენ დესტაბილიზაციის არგუმენტს რუსები ქვეყანაში შესასვლელად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეორე ფაზა ხელისუფლების რეაქციის იყო ბოლომდე საჭირო და შეზღუდული, რადგანაც მინახავს ბევრად უფრო მეტი რეპრესიები სხვა ქვეყნებში, როცა ისინი ასეთ სიტუაციებში არიან – არასტაბილურობის სიტუაციაში, და დავინახე, რომ ახალგაზრდა დემოკრატიამ თავი საკმაოდ კარგად დაიცვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.