საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით.
“მართალია, საარჩევნო სისტემაზე ბევრი დისკუსია იყო საქართველოში, რაც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილია და პოლიტიკური პარტიების ინტერესს წარმოადგენს. ამ საკითხზე არ მილაპარაკია საქართველოში და არ ვილაპარაკებ ამ ასამბლეაზე, მაგრამ როგორც კონსტიტუციის გარანტს, შემიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს ODIHR-ის რეკომენდაციებზე, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას შეეხება და იმედოვნებს, რომ ყველა რეკომენდაცია თუ არა, უმეტესობა იქნება იმპლემენტირებული 2020 წლის არჩევნებისთვის.