ახალი ამბები

ზუგდიდმა “ყველაზე სუფთა ქალაქის” სტატუსი მოიპოვა

28 იანვარი, 2020 •
ზუგდიდმა “ყველაზე სუფთა ქალაქის” სტატუსი მოიპოვა

ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. მერიის განცხადებით, კონკურსი „სუფთა რეგიონი“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონია ზუგდიდში გაიმართა, კონკურსი კი წელს მეოთხედ ჩატარდა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეომასალები წარუდგინეს.

2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები) შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი