ახალი ამბები

ავღანეთში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

27 იანვარი, 2020 •
ავღანეთში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

განახლება. 28. იანვარი, 2019: ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 27 იანვარს ავღანეთში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

ავღანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით არაერთმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ დღეს, 27 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, ღაზნის პროვინციაში, ავღანეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “Ariana-ს” სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.

“Ariana-მ” კატეგორიულად უარყო აღნიშნული ფაქტი და თქვა, რომ მისმა თვითმფრინავებმა დღეს დაგეგმილი ყველა რეისი მშვიდობიანად დაასრულეს. მიუხედავად ავიაკომპანიის უარყოფისა, საპირისპიროს ირწმუნებოდნენ ავღანეთის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ერთადერთი, რაც აქამდე დადასტურებულად ვიცით, არის შემდეგი – თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოვარდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე თავისუფლად ვერ მიდიან, რადგან ამ რეგიონს ძირითადად თალიბანი აკონტროლებს.

შემთხვევიდან და სპეკულაციური ამბების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ტვიტერზე სხვადასხვა ავღანურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის. ვიდეოზე ჩანს თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელზეც წარწერა იკითხება როგორც 358. Aerotime Hub-ის მიხედვით, აღნიშნული შეიძლება იყოს აშშ-ის ავღანეთის მისიის (USAF) სადაზვერვო თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომრის – 11-358-ის ფრაგმენტი. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კუთვნილი Bombardier E-11 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია სამხედრო დანიშნულების სადაზვერვო-საკომუნიკაციო სისტემით. ეს თვითმფრინავი ბაზირებულია ავღანეთში, ყანდაარის ავიაბაზაზე.

როგორც BBC წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა Associated Press-ს განუცხადა, რომ უცნობია, თუ ვისი თვითმფრინავი ჩამოვარდა ავღანეთში, თუმცა გამოძიების პროცესში უკვე ჩართულები არიან ამერიკელი სამხედროები.

“ჩვენ ამ ცნობების საქმის კურსში ვართ და ვიძიებთ. ამ კუთხით ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს იყო თავდაცვის დეპარტამენტის საკუთრება”, – აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს ციტირებს Military Times.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კუთვნილი სადაზვერვო თვითმფრინავი

მთავარ ფოტოზე: სავარაუდოდ, ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი