41 წლის კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის შვილი და კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა კალიფორნიაში, ლოს ანჯელესთან ახლოს მდებარე ქალაქ კალაბასასთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას. გამოძიება უკვე დაწყებულია და ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ამის შემდეგ გასაჯაროვდება, თუმცა მანამდე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.
ვერტმფრენი Sikorsky S-76, რომლის ჩამოვარდნასაც ლეგენდარული კალათბურთელი ემსხვერპლა, 1991 წელს იყო გამოშვებული. აღნიშნული ტიპის ვერტმფრენს ძირითადად კერძო პირები და კომპანიები იყენებენ გადასაადგილებლად. Sikorsky S-76-ში, პილოტის გარდა, 12 ადამიანი ეტევა და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, კომფორტულ და ტევად კომერციულ ვერტმფრენად მიიჩნევა. მისი წარმოება 1978 წელს დაიწყო.
26 იანვარს ჩამოვარდნილი ვერტმფრენის სარეგისტრაციო ნომერი N72EX იყო და მას კერძო კომპანია Island Express Holding Corp ფლობდა. უცნობია, კობი ბრაიანტს აღნიშნული ვერტმფრენი ლიზინგით ჰქონდა აღებული, თუ ნაქირავები. თუმცა ამ ვერტმფრენს რეგულარულად იყენებდა კალიფორნიაში გადასაადგილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ Sikorsky S-76 უსაფრთხო ვერტმფრენადაა მიჩნეული, კატასტროფები მის ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა. მაგალითად, ამ ტიპის ვერტმფრენი 2017 წელს ჩამოვარდა თურქეთში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდი და პილოტის შეცდომა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ამერიკული მედია უკვე წერს 26 იანვრის კატასტროფის შესაძლო მიზეზებზე. მაგალითად, CNN როგორც იტყობინება, კატასტროფის დღეს ლოს ანჯელესის მიდამოებში იყო ძლიერი ნისლი და ღრუბელი, შესაბამისად, ხილვადობაც კრიტიკულად დაბალი იყო. სწორედ ამიტომ, ლოს ანჯელესის პოლიციის ყველა ვერტმფრენს ამ დღეს ფრენა შეზღუდული ჰქონდა.
flightradar24-ის მონაცემებით ირკვევა, რომ Sikorsky S-76, სარეგისტრაციო ნომრით N72EX, ჯონ უეინის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 26 იანვარს, დილით, 09:41 საათზე აფრინდა. დაახლოებთი 15 წუთში კი გაურკვეველი მიზეზით ვერტმფრენმა დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე დაიწყო წრეზე ფრენა, პარალელურად კი, დროის მოკლე მონაკვეთში იცვლიდა სიმაღლეს 213-274 მეტრების შუალედებში. წრეზე 7-8-ჯერ ფრენის შემდეგ ვერტმფრენმა გზა დანიშნულების მიმართულებით განაგრძო. ავიადისპეტჩერმა პილოტი გააფრთხილა, რომ ძალიან დაბლა მიფრინავდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. პილოტს არც განგაშის სიგნალი გაუგზავნია. ამის შემდეგ ვერტმფრენმა კიდევ 25 წუთი იფრინა და მაშინ, როცა მთაგორიან ადგილს მიუახლოვდა, მკვეთრად დაიწყო სიმაღლის მომატება, შემდეგ კი- კლება. საბოლოოდ, Sikorsky S-76, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან 41 წუთში კლდიან ადგილზე ჩამოვარდა.
ლოს ანჯელესის შერიფმა თქვა, რომ კატასტროფის ადგილი “კოშმარულად ცუდი მისადგომია”. თვითმხილველების ცნობით, ვერტმფრენი ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა.
კობი ბრაიანტმა საკალათბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა. ის ლო ანჯელეს ლეიკერსში 20 წლის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად არის აღიარებული. ბრაიანტის ქონება 2016 წელს ფორბსმა $350 მილიონად შეაფასა. მას ცოლი და 4 შვილი ჰყავდა. ბრაიანტის მეოთხე შვილი 2019 წლის ზაფხულში დაიბადა. კობისთან ერთად 26 იანვარს მისი მეორე შვილი, 13 წლის ჯიანნა დაიღუპა, რომელიც მამის მსგავსად კალათბურთს თამაშობდა.