საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მონიტორს“ თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციის თემის გაშუქებისას ქარტიის არცერთ პრინციპი არ დაურღვევია.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, “თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში “სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან – დოკუმენტები თსუ-ის რექტორს პლაგიატში ამხელს” არ დარღვეულა ქარტიის 1 (სიზუსტე) და 5 (შესწორება) პრინციპები.
საქმე განხილული იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ, „თავისუფლების მონიტორმა“. შარვაშიძე პლაგიატს თავიდანვე უარყოფდა. თსუ-მ თავისუფლების მონიტორის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა.
საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა.
მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:
„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.
რექტორის დისერტაციაში პლაგიატს უარყოფს თსუ, რომელიც აცხადებს, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.