ახალი ამბები

“არ მითქვამს, ენმ-ის დამსახურებაა-მეთქი რაღაც” – ვაშაძე ოპოზიციის კრიტიკაზე

22 იანვარი, 2020 • 1616
“არ მითქვამს, ენმ-ის დამსახურებაა-მეთქი რაღაც” – ვაშაძე ოპოზიციის კრიტიკაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილებას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ საარჩევნო კამპანიისას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პირველად გაერთიანებულმა ოპოზიციამ დააყენა.

“მე ვთქვი, რაც სათქმელი მქონდა. ამას კომენტარები გაუკეთეს ისე, როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ჟურნალისტებმა მიიღეს განსახილველი თემა, კრება დარჩა მხიარული. მე არ მითქვამს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამსახურება არის-მეთქი რაღაც. ვთქვი, რომ ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარი-მეთქი. 1990-იანი წლების დამოუკიდებლობის აღდგენიდან სხვა დანარჩენი პარტიები ამას ითხოვდნენ ყველა ხელისუფლების პირობებში. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის აბსოლუტურად, კონსტიტუციური უფლება აქვს ყველას, ყველაფერზე  ილაპარაკოს. სახელმწიფო შესულია საარჩევნო კამპანიაში, ამიტომ ასეთი განცხადებები კიდევ 150 იქნება, მთავარია ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც ენმ და “გაერთიანებული ოპოზიცია” კოალიციურ მთავრობასა და პროპორციულ არჩევნებზე საუბრობდა, ამ საკითხებს სხვა არავინ ახსენებდა.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება”, – თქვა ვაშაძემ.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ვაშაძეს შეახსენა, რომ ამ მოთხოვნას აყენებდნენ აქტივისტები და სხვადასხვა აქტორიც და ეს მხოლოდ ენმ-ის მონაპოვარ არ იყო, რაზეც ვაშაძემ უპასუხა:

“როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება”, – თქვა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკა მოჰყვა. “გირჩმა” განაცხადა, რომ ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ იქ ენმ-ის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იქნება. განცხადება გაავრცელა “ევროპულმა საქართველომაც” და თქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მიღწეული არაა და ბიძინა ივანიშვილმა დადებული პირობა დაარღვია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა არაკორექტულია. გრიგოლ ვაშაძე გააკრიტიკეს “სამოქალაქო მოძრაობაშიც”.

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრმა შოთა დიღმელაშვილმა კი თქვა, რომ ზაფხულში მიმდინარე აქციებზე გრიგოლ ვაშაძე აქციის ორგანიზატორების დაცვამ არათუ სცენაზე, სცენის უკანაც არ შეუშვა, 3 მოთხოვნა კი 21 ივნისს თავად ჩამოაყალიბეს.

ამ თემაზე:

ვაშაძე პროპორციულზე დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი