ახალი ამბები

თუ ენმ-ის წარმომადგენელი ვაშაძე იქნება, “გირჩი” ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს

22 იანვარი, 2020 •
თუ ენმ-ის წარმომადგენელი ვაშაძე იქნება, “გირჩი” ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს

გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც პროპორციულ არჩევნებზე დაპირება ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვარია, “გირჩი” ამბობს, რომ ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ იქ ენმ-ის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

როგორც პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, “ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერებთან, ისევე როგორც სხვა პარტიებთან, გააგრძელებენ კონსულტაციებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად, თუმცა მონაწილეობას არ მიიღებენ იმ შეხვედრებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იქნება:

“ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო. გირჩი გააგრძელებს კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია).

მაგრამ ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს. მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს.

როგორც ვაშაძემ გადაცემაში “ღამის აქცენტები” განაცხადა, როდესაც ენმ და “გაერთიანებული ოპოზიცია” კოალიციურ მთავრობასა და პროპორციულ არჩევნებზე საუბრობდა, ამ საკითხებს სხვა არავინ ახსენებდა:

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება”, – თქვა ვაშაძემ.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ვაშაძეს შეახსენა, რომ ამ მოთხოვნას აყენებდნენ აქტივისტები და სხვადასხვა აქტორიც და ეს მხოლოდ ენმ-ის მონაპოვარ არ იყო, რაზეც ვაშაძემ უპასუხა:

“როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება”, – თქვა ვაშაძემ.

იოსელიანი და ელისაშვილი გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი