“ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს გრიგოლ ვაშაძის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ, სადაც პოლიტიკოსი პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირებას ენმ-ის დამსახურებად აფასებს.
პარტიაში ამბობენ, რომ იმ ვითარებაში, როცა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მიღწეული არაა და ბიძინა ივანიშვილმა დადებული პირობა დაარღვია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა არაკორექტულია:
“2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.
დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია”, – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.
გავრცელებულ განცხადებაში “ევროპული საქართველო” ასევე წერს, რომ ამის მიუხედავად მიიჩნევენ, რომ ვაშაძის ამ განცხადების გამო ოპოზიციის შემდგომი კორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაა:
“ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება” ,- აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.
ვაშაძე პროპორციულზე დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს