ახალი ამბები

იოსელიანი და ელისაშვილი გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებენ

22 იანვარი, 2020 • 948
იოსელიანი და ელისაშვილი გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებენ

“სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელიც მთაწმინდაზე მაჟორიტარულ არჩევნებში იყრიდა კენჭს, ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის მიერ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას და ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს აკრიტიკებს.

იოსელიანის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ ვაშაძე პროპორციული არჩევნების დაპირებას ივანიშვილის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიღწევად ასაღებს.

“მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ 20 ივნისის საპროტესო აქციები ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული და მისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი ყოფილა და თურმე პროპორციული არჩევნების მოპოვებაც მათი დამსახურებაა.

ასეთი რამის თქმა უბრალოდ სირცხვილია და შეურაცხყოფაა, როგორც ახალგაზრდების, ვინც ამ აქციას ედგა სათავეში, ისე პოლიტიკური სპექტრის და საერთოდ მთელი საზოგადოების, ნაციონალების მხარდამჭერების გარდა.

როგორც ჩანს, თქვენ არაფრად მიგაჩნიათ ის ერთობა, რომლსაც ოპოზიციამ მიაღწია პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ, თორემ იმ ოპოზიციულ მაგიდაზე მსხდომ ხალხთან და პარტიების 90%-თან ჩვენ, “სამოქალაქო მოძრაობას”, არაფერი საერთო არ გაგვაჩნია.

ასე არ გამოვა, ყველაფერი ნაციონალებმა მიიწეროთ, რასაც მთელი ოპოზიცია აკეთებს ხალხთან ერთად.

p.s ისე, ისიც კარგად მახსოვს, საპროტესტო აქციებზე გრიგოლ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება რომ ჩამოართვეს ახალგაზრდებმა და ნაციონალების სხვა წარმომადგენლებს როგორ უსტვენდნენ ქვემოდან.

პოლიტიკურ გაუმაძღრობას და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ, დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა იმ მაგიდაზეც”, – წერს ლევან იოსელიანი ფეისბუკზე.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელია, აცხადებს, რომ იოსელიანის პათოსს სრულად იზიარებს.

“უბრალოდ ლევანმა დაწერა ჩემზე ადრე და ამიტომაც სიტყვასიტყვით ვეთანხმები და ვაზიარებ ამ პოსტს. გრიგოლ ვაშაძე სანამ რამეს ილაპარაკებს, კარგად დაფიქრდეს ხოლმე, ძალიან კარგად დაფიქრდეს ხოლმე”, – აცხადებს ელისაშვილი.

ამ თემაზე

ვაშაძე პროპორციულზე დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი