ახალი ამბები

“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

22 იანვარი, 2020 • 4944
“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

“სპარში” 2019 წლის 30 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნეტგაზეთს “სპარის” მარკეტინგის სამსახურში უთხრეს, რომ ახალგაზრდა გუშინ, 21 იანვარს დაიღუპა. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი “სპარში” სამუშაოდ რამდენიმე თვის მისული იყო. კომპანიის ინფორმაციითვე, დაღუპული 18 წლის იყო. “სპარში” პირდაპირ არ ამბობე,ნ გადაუხდიან თუ არა გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციას. მათ მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობითი პასუხში ნათქვამია, რომ მართალია, ახალგაზრდა სამუშაო საათებში დაზიანდა, თუმცა ეს საწარმოო პროცესით გამოწვეული არ ყოფილა.

“რაც შეეხება გარდაცვლილი ოჯახის მხარდაჭერას, “სპარი” ფაქტის მოხდენის დღიდან გვერდში უდგას გარდაცვლილის ოჯახს, რადგანაც მათე თავად გახლდათ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც სპარი ჰქვია, და მომავალშიც ამ ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს კომპანია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი ჩვენთვის.

დაზიანება მოხდა სამუშაო საათებში, თუმცა არ არის საწარმოო პროცესით გამოწვეული. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან და კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ პროცესი ბოლომდე მივიდეს”, -აცხადებენ სპარში.

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე “სპარში” კონსულტანსა და მომხმარებელს შორის დაპირისპირება 30 დეკემბერს მოხდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობივე, ბრალდებული პოლიციამ მაშინვე დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი