ახალი ამბები

აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენთვის პრიორიტეტი აჭარის განვითარების მხარდაჭერაა

23 ივნისი, 2015 •
აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენთვის პრიორიტეტი აჭარის განვითარების მხარდაჭერაა

 

რონი სოლბერგი
რონი სოლბერგი

ბატონო რონი, როგორ ფიქრობთ, ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება რამდენად სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის?

 

საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგო რესურსი გააჩნია, რისი ათვისებაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას. ამ სექტორის გაძლიერება, საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტის შემცირება და ექსპორტის გაზრდა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებული ჰიდრორესურსიდან ათვისებულია მხოლოდ 18% მაშინ, როცა 26 000 მდინარიდან 300-ს დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ასევე, რომ ჰიდროენერგოპროექტები ხორციელდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ყველა გარემოების ზედმიწევნის დაცვით, მუდმივი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ.

 

,,აჭარისწყალი ჯორჯიას” პროექტზე შევჩერდეთ, რა იქნება ამ პროექტის განხორციელების შედეგი აჭარის რეგიონისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის?

 

,,შუახევიჰესის” პროექტი არ არის მხოლოდ 187 მგვტ ჰიდროენერგოსადგური. ეს გაცილებით მეტია თავისი მნიშვნელობით როგორც აჭარისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. 400 000 000 დოლარის ინვესტიცია, რასაც ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ახორციელებს, ნიშნავს: ჰიდროენერგოსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ბიუჯეტში ფულის შედინებას, კვალიფიციური კადრების შემატებას ქართული ბაზრისთვის, აჭარის რეგიონის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის დამოუკიდებლობის გზაზე სვლის პროცესში წვლილის შეტანას, სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

საზოგადოების ნაწილს კვლავ აქვს კითხვა, სანამ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” საქმიანობას დაიწყებდა, რეალურად შეისწავლა თუ არა გარემო აჭარის მთაში?

 

შეუძლებელია კომპანიამ 400-მილიონიანი პროექტი განახორციელოს ისე, რომ გარემო სრულად არ შეისწავლოს და რისკები მინიმუმამდე არ დაიყვანოს. ,,შუახევიჰესის” მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა არაერთი დასკვნა, სადაც უცხოელი სპეციალისტების გვერდით მუშაობდნენ ქართველი ექსპერტები. კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დაგეგმილი საქმიანობის შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და კლიმატზე. ამ დოკუმენტების შეფასებისა და დეტალური შესწავლის შემდეგ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” მისცა ნებართვა, რომ დაეწყო ,,შუახევიჰესის” მშენებლობის პროექტი. ჩვენი კომპანიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე არსებული კვლევებით არ სრულდება. ჩვენ მუდმივად ვეწევით მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება). მონიტორინგის შედეგები პერიოდულად ეგზავნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. გარემოს მონიტორინგი გაგრძელდება მშენებლობის დასრულების შემდგომაც (დაახლოებით 10 წელი) და ნებისმიერი მცირედი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.ხაზგასმით ვამბობ, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ სახელმწიფოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება, მაგალითად, ვრგავთ 10 000-ზე მეტ ხეს მშენებლობის არეალში. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად შეამციროს სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული თუნდაც მინიმალური ზემოქმედება გარემოზე.

 

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე თქვენი კომპანია მოსახლეობასთან გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებს აწყდებოდა, ახლა რა მდგომარეობაა?

 

შეხვედრა მასწვლებლებთან - შუახევი
შეხვედრა მასწვლებლებთან – შუახევი

წარმატებული შედეგი მხოლოდ დიალოგის, კომპრომისის, ურთიერთგაგების გზაზე სვლას მოაქვს. პროექტის დაწყების დღიდან ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა ხულოსა და შუახევის მოსახლეობას, დადიოდა სოფელ-სოფელ, ოჯახებში, ისმენდა მათ მოსაზრებებს, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდიდა პროექტის შესახებ და ცდილობდა ამ პროექტში ყველა მათგანს საკუთარი თავი ეპოვა; მისი ოჯახის, რეგიონის, ქვეყნის წარმატება დაენახა. ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ეს არის ერთი ძლიერი გუნდი, მე ვიტყოდი უფრო ოჯახი, რომელიც დაუღალავად შრომობს პროექტის წარმატებისათვის.პროექტის წარმატება ნიშნავს, ერთი მხრივ, ,,შუახევიჰესის” აშენებას და მეორე მხრივ, მშენებლობის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა ეს ორი მნიშვნელოვანი რამ თანხვედრაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს წარმატებულად. მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მიზნით ჩვენმა კომპანიამ პროექტის მშენებლობის ფაზის დაწყების დღიდან გახსნა საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მთავარ ფუნქციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივების ინფორმირება წარმოადგენს. უფრო მეტიც, მოსახლეობის თხოვნით, 2015 წლის მარტიდან ოპერირება დაიწყო სხალთის საინფორმაციო ცენტრმაც, რომელიც სხალთის ხეობაში ადგილობრივების ინფორმირებას ემსახურება. ვფიქრობ, ეს ნათლად მიუთითებს ჩვენი კომპანიის მიზანზე – პროექტი მაქსიმალურად ტრანსპარანტულად და მოსახლეობის აქთიური ცართულობით განხორციელდეს.

 

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ჩვენ და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად ვაკეთებთ ,,შუახევიჰესის” პროექტს. რაც დრო გავა, მით უფრო დაინახავს მოსახლეობა იმ შედეგს, რასაც ეს პროექტი მოიტანს რეგიონისთვის. რასაკვირველია ჯერ კიდევ არიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ბუნებრივი მოვლენები მაინც ჩვენ დაგვიკავშირონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ერთი დასკვნით არ დასტურდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება ამ ადამიანებსაც შეეცვლებათ, როცა საკუთარ თავზე იგრძნობენ პროექტის განხორციელების შედეგად მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

 

,,შუახევიჰესის” მშენებლობზე რამდენი ადამიანი დასაქმდა მშენებლობის არეალში მცხოვრები სოფლებიდან?

 

დღეის მდგომარეობით საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული ,,შუახევიჰესის” პროექტის ფარგლებში. დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა. დასაქმებული ადამიანები არ მუშაობენ მხოლოდ მშენებლობაზე, მათი ნაწილი ჩვენი კომპანიის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროექტებშია ჩართული. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ჩვენი კომპანიის მიერ დაწყებული სასმელი წყლის რეაბილიტაციის ან ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში განხორციელებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. ორივე მათგანი სწორედ ამ წუთებში ხორციელდება ადგილობრივების უშუალო მონაწილეობით. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ცდილობს, რომ ,,შუახევიჰესის” პროექტი მაქსიმალურად დადებითად აისახოს თითოეული ადგილობრივის ცხოვრებაზე.

 

კონკრეტულად რა სოციალურ პროექტებს ახორციელებთ აჭარის რეგიონში და რამდენად ორიენტირებულია ისინი რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე?

 

ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერაა. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს: განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერების პროგრამები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მაგალითად, წელს სწავლის საფასური დავუფინანსეთ ბაკალავრის საფეხურის 7 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ზაფხულში ვიწყებთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას საინჟინრო მიმართულებით. ასევე დავიწყეთ თემების გაძლიერების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემასა და საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობას. საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გვაქვს იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ. იმისათვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული, ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ესა თუ ის პროექტი დაიგეგმოს ერთობლივად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ყველა სოციალური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს, გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დაგეგმილმა პროექტებმა რეალური შედეგი მოიტანოს რეგიონის განვითარების პროცესში.

 

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ბიზნესის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში და რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია წარმატებულ ბიზნესს?

 

მე ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. მის მიერ განხორციელებული ყველა სოციალური პროექტი ამ რეგიონის, საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ემსახურება. მე მყავს ოჯახი, შვილები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე ღირებული მათთვის? – ვფიქრობ, უპირობოა ხარისხიანი განათლების მიცემა. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებაა, რისთვისაც მთელი გუნდი თავს არ ვზოგავთ. ჩემი აზრით, კომპანია მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა, როცა ცდილობს საზოგადოებას დაეხმაროს განვითარებაში, გაანალიზოს საჭიროებები, თავისი საქმიანობის პარალელურად დაგეგმოს და განახორციელოს არსებული გამოწვევების შესაბამისი სხვადასხვა ქმედება.

 

კიდევ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ქვეყნისთვის?


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ამ პროექტით შეიძენს საქართველო, იქნებიან ის კვალიფიციური, გამოცდილი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან ამ ქვეყნის განვითარების საკითხში. ამ გამოცდილებით, დაგროვილი ცოდნით ისინი წარმატებულად განახორციელებენ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ პროექტის დაწყებამდე გადამზადდა არაერთი ადგილობრივი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ მშენებლობაზე, სწავლობენ და ვითარდებიან პროფესიონალების გვერდით. პროექტის დასრულების შემდგომ, კვალიფიციურ პერსონალს არასდროს გაუჭირდება სამსახურის მოძებნა და ისინი მუდამ მოთხოვნადი იქნებიან ქართული ბაზრისთვის.

  

დასასრულს, თავად საქართველოზე რას ფიქრობთ?

 

რონი სოლბერგი და კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩანდრაშეხარ დამლე
რონი სოლბერგი და კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩანდრაშეხარ დამლე

ჩემი პირველი ემოცია, როცა საქართველოში ჩამოვედი იყო ის, რომ თავისი საოცარი ბუნებით ძალიან ჰგავდა ჩემს ქვეყანას – ნორვეგიას. დავაგემოვნე ქართული საჭმელი და უზომოდ მომწონს, უკვე მოვასწარი სვანეთის დათვალიერება – საოცარი, შთამბეჭდავია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მომწონს მაღალმთიანი აჭარის სოფლები, თითოეულ მათგანს საოცარი ხედი აქვს, ირგვლივ ბევრი სიმწვანეა და რაც მთავარია, ასეთ თბილ, კეთილ და საოცრად გულღია ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი