„ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო რგოლის გადაღების შემდეგ სარეკლამო კომპანია JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ.
JWT Metro ერთ-ერთი იყო იმ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც მაისში ბოიკოტი გამოუცხადა ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
როგორც JWT Metro-ს დამფუძნებელი ნიკა ბოჭორიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო რგოლი მისი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად გადაიღეს.
„ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, – დაწერა ნიკა ბოჭორიშვილმა Facebook-ზე დღეს, 10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რეკლამის უკან, სავარაუდოდ, JWT Metro-ს გუნდი იდგა.
JWT Metro-ს თანამშრომლების ნაწილმა ნიკა ბოჭორიშვილს აღნიშნული პოსტის ქვეშვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი სამსახურს ტოვებდნენ.
თანამშრომლები JWT Metro-დან წასვლის შესახებ Facebook-ზე წერენ, მათ შორის არიან: უფროსი არტ დირექტორები- სალი ნიკოლაიშვილი და ბიკო ვარშანიძე, კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი და სხვები.
„სამწუხაროა, რომ კომპანიაში, სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. ვეძებ სამსახურს“, – დაწერა Facebook-ზე სანდრო ჯავახიშვილმა.

თანამშრომლების გამოხმაურებები ნიკა ბოჭორიშვილის პოსტზე
ამასთან, ნიკა ბოჭორიშვილის პოსტის შემდეგ კომპანიის Facebook-ზე გამოჩნდა პოსტი, რომ JWT Metro დატოვა JWT Metro-მ, რომელიც მალევე გაქრა.








