ახალი ამბები

„პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად ტრანსგენდერი ქალები დააკავა“ – რა მოხდა 18 იანვარს

20 იანვარი, 2020 •
„პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად ტრანსგენდერი ქალები დააკავა“ – რა მოხდა 18 იანვარს

„პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად ტრანსგენდერი ქალები დააკავა“ – ასე იხსენებს ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა 18 იანვარს მომხდარ მოვლენებს და ამბობს, რომ როგორც წესი, პოლიცია არასდროს იცავს ტრანსგენდერ ქალთა უფლებებს მაშინაც კი, როდესაც სამართალდამცველებს თავად ქალები იძახებენ.

18 იანვარს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა. ფერძესთან ერთად დააკავეს ორი ტრანსგენდერი ქალიც. ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს, ქალების სასამართლო პროცესი კი 27 იანვრამდე გადაიდო.

გაბრიელამ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა.

„ორი დღის წინ ჩემი ორი ტრანს მეგობარი და ნატა ფერაძე დააკავეს სრულიად უსაფუძვლოდ. მოხდა ის, რომ სოციალურ ქსელში დავდეთ პოსტი, რომ გასათბობად გვჭირდებოდა შეშა. ჩვენ სექსმუშაკები ვართ და ღამით გასათბობად გვჭირდება შეშა. შეგროვდა ფულიც და ასევე მოძრაობა „სირცხვილია“ დაგვეხმარა შეშით.

შეშა ნატა ფერაძემ საკუთარი მანქანით მოიტანა. როდესაც შეშა მანქანიდან გამოჰქონდათ, რამდენიმე არასრულწლოვანი მოვიდა და შეშის წართმევა, ამასთანავე, სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს“, – ამბობს გაბრიელა.

მისი თქმით, ინციდენტისას ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მოსალოდნელი დახმარების ნაცვლად, სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალები დაადანაშაულეს, არასრულწლოვნები კი ადგილიდან განარიდეს.

სამართალდამცველები ქალებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პოლიციამ ისინი გაათავისუფლა, თუმცა სასამართლო სხდომა გადადო. პროცესი 27 იანვარს უნდა გაიმართოს.

გაბრიელა ჟურნალისტებთან ყვება, რომ პოლიციის მხრიდან გულგრილობა და შეურაცხყოფა ტრანსგენდერი ქალებისთვისთვის უცხო არ არის. ქალი ამბობს, რომ პოლიცია მათ ხშირად აგდებით ესაუბრება, არ ეხმარება, ჩხრეკისას კი, მათი მოთხოვნის საპირისპიროდ – არათუ ქალი პოლიციელი, არამედ კაცი პოლიციელი ჩხრეკს.

„როდესაც ტრანსგენდერი ხარ და თავს ქალად აღგიქვამს, ამ დროს უნდა დაგათვალიეროს და შეგამოწმოს ქალმა პოლიციელმა, ეს ცხადია. მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როდესაც კაცი პოლიციელი მოდის და მამოწმებს, მჩხრეკ,“,- ამბობს გაბრიელა და დასძენს, რომ 18 იანვრის შემთხვევისთვისაც ტრანსგენდერი ქალები , მიუხედავად მოთხოვნისა, კაცმა პოლიციელემბა გაჩხრიკეს.

გაბრიელა განმარტავს, რომ როგორც წესი, პოლიციელები ტრანს თემის წარმომადგენლებთან განსაკუთრებული გულგრილობით გამოირჩევიან. მეტიც, მისი თქმით, ტრანსგენდერებს მაშინაც კი ხშირად აკავებენ, როდესაც სამართალდამცველებს თავად იძახებენ.

რაც შეეხება ბერკეტს, რომელიც ქალებს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამატების დროს აქვთ: გაბრიელა ამბობს, რომ გენინსპექციის არც იმედი და არც ნდობა არ აქვთ.

„ერთადერთი სახალხო დამცველი გვიდგას მუდამ მხარში“, – ამატებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი