ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
როგორც ბორელი აცხადებს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და მხარდაჭერილი ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის.
მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას უფრო მეტად ააცდენს“, – დაწერა ბორელმა პლატფორმა X-ზე.
17 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
30-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, ომბუდსმენსა და პოლიტიკურ პარტიებს, წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” დისკრიმინაციულ კანონპროექტს. საუბარია მმართველი პარტიის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის მოტივით შექმნილ კანონპროექტზე, რომელიც აკანონებს ცენზურას და აღვივებს ჰომოფობიას.
უფრო კონკრეტულად, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს, ომბუდსმენს – მის საჯარო კრიტიკასა და სასამართლოებში გასაჩივრებას, ხოლო სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს – “მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად”.
32 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიზანი “წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა”.