ახალი ამბები

“ბურთი ოპოზიციის მოედანზეა” – რა ელის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს

20 იანვარი, 2020 • 979
“ბურთი ოპოზიციის მოედანზეა” – რა ელის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის ბოლო შეთვაზებას არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება ვერ მოხდება, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

თალაკვაძე ამბობს, რომ ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა და დიალოგის მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან, სადაც მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიციასთან განიხილავენ შეთავაზებას შემცირებული მაჟორიტარული ოლქების შესახებ:

“ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია, ეს არის 100-50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის მორიგი რაუნდისთვის. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება, არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში” ,- ამბობს თალაკვაძე.

მაჟორიტაარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირების შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ეს ცვლილება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2024 წლის არჩევნებზეც უნდა გავრცელდეს, ოპოზიცია არ იზიარებს და ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეჯერდებიან. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს სრულად პროპორციული წესით ჩაატარებენ:

“100-50- ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. უარი უკვე ითქვა ამ მიზეზით, რადგან ეს შემოთავაზება იმ მოთხოვნას, რაც საზოგაოდებას ჰქონდა, არ ასრულებს. ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტის გაგრძელება. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, მაგრამ თუ ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან. მაჟორიტარულ ოლქებში შევჯერდებით და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს” ,- ამბობს “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია.

პოლარიზაციისა და დაძაბულობის განმუხტვის მოლოდინი აქვთ დიპლომატებს, რომლებიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებში მედიატორის როლს ასრულებენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ამჟამად პარტნიორებთან ერთად გნაიხილავენ იმ საერთო პოზიციებს, რაზეც მომდევნო შეხვედრები უნდა აიგოს:

“პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ იმ საერთო პოზიციებს, რაზეც შემდგომ უნდა აიგოს მომდევნო შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში არის მოლოდინი, რომ მოხერხდება დაძაბულობისა და პოლარიზაციის განმუხტვა”,  – ამბობს კარლ ჰარცელი (ტელეკომპანია “იმედის” თარგმანი).

მასალების გადაბეჭდვის წესი