ახალი ამბები

“იმგზავრონ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!“- მანიფესტი

28 ოქტომბერი, 2019 • 1772
“იმგზავრონ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!“- მანიფესტი

“იმგზავრონ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!“ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა manifest.ge-ზე მანიფესტი შექმნეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

მანიფესტის ავტორები “ახალგაზრდა მწვანეები“ არიან, რომლებიც წერენ, რომ მერიას არათანმიმდევრული სატრანსპორტო პოლიტიკა აქვს, რის შედეგადაც, უკანასკნელ პერიოდში საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა თითქმის შეუძლებელია.

“მოსახლეობისთვის მეტროთი გადაადგილება იქცა გადაულახავ პრობლემად. მგზავრობისთვის ხალხს უწევს დაუსრულებელ რიგში დგომა. ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დასაშვებია.

საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა იქცა დიდ დისკომფორტად, რომელსაც განვიცდით ყოველდღიურად. სატრანსპორტო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ქმნის არაჰუმანურ პირობებს მოქალაქეებისთვის. თბილისის მერი და მისი მოადგილეები კი გვარწმუნებენ, რომ შექმნილი პრობლემა ჩვენთვის სიკეთის მომტანია და უნდა გვიხაროდეს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

გარდა ამისა, ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მეტრო 23:00 საათამდე მუშაობს, ხოლო, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსი გაძვირდა. შესაბამისად, მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილების საშუალება თითქმის აღარ აქვთ.

“თბილისის მერი და მისი მოადგილეები არ მგზავრობენ საჯარო ტრანსპორტით და, შესაბამისად, არ უწევთ იმ გზის გავლა, რომელსაც ჩვენ გავდივართ სახლიდან სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და სხვა ადგილებში მისასვლელად.

ჩვენ ვფიქრობთ, თუ თბილისის მერი და მისი მოადგილეები ივლიან საჯარო ტრანსპორტით სამსახურში და გაიზიარებენ იმ ,,ბედნიერებას’’, რომელიც მათმა შემუშავებულმა პოლიტიკამ მოგვიტანა, გააცნობიერებენ, რომ ქალაქს არა ტაქსის გათეთრება, არამედ რეალური სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოება სჭირდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

“უნდა გაგიხარდეთ, რომ ხალხი ტრანსპორტს უფრო აქტიურად მოიხმარს” – ვიცემერი გადატვირთულ მეტროზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი