ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

17 იანვარი, 2020 •
აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ისტორიაში მესამედ დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. სენატორებმა 16 იანვარს ფიცი დადეს, რომ გადაწყვეტილებას მიუკერძოებლად მიიღებენ.

იმპიჩმენტის პროცესს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი ხელმძღვანელობს, 100 სენატორი კი მსაჯულის ფუნქციას ასრულებს. მოწმეთა მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მათ ხმების ორი მესამედით უნდა გადაწყვიტონ, ჩამოაცილებენ თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან სენატში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება განხილვისას, ასევე, რას იტყვიან მოწმეები. ერთგვაროვანი განწყობები ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რესპუბლიკელ სენატორებშიც კი არ არის.

სენატში უშუალოდ იმპიჩმენტის საქმის განხილვა 21 იანვარს დაიწყება. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და, კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე ზედაპალატას – სენატს გადასცა. საბოლოო სიტყვა სწორედ მათ უნდა თქვან. წარმომადგენელთა პალატის იმ წევრებს, რომლებმაც იმპიჩენტის პროცესი წამოიწყეს, ტრამპმა კორპუმპირებული უწოდა, თავად იმპიჩმენტის საფუძვლად დასახელებულ ფაქტებს კი – ჭორები.

დონალდ ტრამპს ედავებიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელშეშლას. იმპიჩმენტის ბრალდების მიხედვით, დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედება სცადა, რათა მათ გამოძიება დაეწყოთ ტრამპის ოპონენტის – პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შეუჩერა.

“ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, იმპიჩმენტის ფარგლებში მოძიებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ხმოვანი მესიჯები და წერილობითი დოკუმენტების დასტები, რაც გამომძიებლებს ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის პარტნიორმა ლევ პარნასმა მიაწოდა. პარნასმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკული მხარე ტრამპის დავალებით ზეწოლას ახდენდა უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა მათ ბაიდენის წინააღდმდეგ გამოძიება დაეწყოთ და ამით, ტრამპის ოპონენტი გაენეიტრალებინათ.

პარნასის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, თავის მხრივ, უკრაინამ დაიწყო გამოძიება “ვენის კონვენციისა და უკრაინის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე”. კერძოდ, დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ ტრამპის მოკავშირეები უკრაინაში აშშ-ის ელჩს ფარულად უთვალთვალებდნენ.

“ნიუ იორკ ტაიმსი” ასევე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელმა სახელმწიფო უწყება GAO-მ, რომელიც კონგრესს ბიუჯეტისა და სამთავრობო ხარჯების შესახებ აუდიტორულ ანგარიშებს აწვდის, დაასკვნა, რომ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა კანონდარღვევაა. სწორედ ამ ბრალდებას უყენებს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ტრამპს. სენატისგან განსხვავებით, წარმომადგენელთა პალატას დემოკრატიული პარტია აკონტროლებს.

ტრამპი არის მესამე პრეზიდეტნი, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქმე სენატს გადასცა. პირველად იმპიჩმენტი აშშ-ის მე-17 პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს გამოუცხადეს 1868 წელს, მეორედ კი- ბილ კლინტონს 1998 წელს მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალის გამო. არც კლინტონისა და არც ჯონსონის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა. ტრამპსაც იმედი აქვს, რომ სენატი მას გაამართლებს და მის მიმართ არსებული ბრალდებები გაქარწყლდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი