ახალი ამბები

რუსეთის პრემიერი ლეპსის სიმღერების მუსიკის ავტორია – „ვედომოსტი“

16 იანვარი, 2020 • 932
რუსეთის პრემიერი ლეპსის სიმღერების მუსიკის ავტორია – „ვედომოსტი“

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი  გრიგორი ლეპსის რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია. ამის შესახებ „ვედომოსტი“ მიშუსტინის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთის საავტორო საზოგადოების რეესტრში მითითებულია, რომ მიშუსტინი ლეპსის „ზოლას“ და „ნამდვილი ქალის“ მუსიკის ავტორია.

აგრეთვე, „ვედომოსტის“ ცნობით, „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გერმან გრეფმა 2012 წელს, გაზეთ „კომერსანტში“ მიშუსტინისთვის დაბადების დღის მილოცვისას დაწერა, რომ მიშუსტინს მუსიკალური ნიჭი აქვს: „და სულ ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ ხართ კომპოზიტორი, რომელიც ბრწყინვალე მუსიკას წერს და თქვენ მიერ დაწერილი ზოგიერთი სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა“, – წერს გრეფი.

გარდა ამისა, მიშუსტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ იგი როიალზე უკრავს.

„ვედომოსტის“ ცნობით, ისინი გაესაუბრნენ გრიგორი ლეპსის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ მუსიკის ავტორი არა მიშუსტინი, არამედ მისი მოგვარეა.

ალექსანდრე ვულიხმა, სიმღერების ტექსტის ავტორმა დაუდასტურა „ვედომოსტის“, რომ მუსიკის ავტორი მართლაც რუსეთის ახალი პრემიერია.

მიშუსტინმა თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევი ჩაანაცვლა, რომელმაც მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ 15 იანვარს განაცხადა – ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, სადაც უკანასკნელმა კონსტიტუციური ცვლილებების წინადადება გაახმიანა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი