ახალი ამბები

პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

6 მაისი, 2020 • 923
პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, იუწყება რუსული ტელეარხი „დოჟდი“ ლევადა-ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით.

პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მუშაობით გამოკითხულთა 59%-ია კმაყოფილი, უკმაყოფილოა 33%. მარტში კმაყოფილი იყო გამოკითხულთა 63%.

59-პროცენტიანი რეიტინგი პუტინის 20-წლიანი მმართველობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე დაბალი რეიტინგი 61 პროცენტი იყო — 2013 წლის ნოემბერში და 2000 წლის ივნისში.

სოციოლოგების თქმით, თვითიზოლაციის რეჟიმის გამო გამოკითხვა ტელეფონით ტარდებოდა და მეთოდიკის მნიშვნელოვანი ცვლილებიდან გამომდინარე, წინა მაჩვენებლებთან ამ კვლევის შედარება მხოლოდ პირობითად შეიძლება.

მათი თქმით, სატელოფონო გამოკითხვები ხელისუფლებისდამი უფრო ერთგულ და კონფორმისტულ პასუხებს განაპირობებს. ცდომილება, მათი თქმით, 4-6% შეიძლება იყოს.

რაც შეეხება რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს, მისი მუშაობით გამოკითხულთა 46%-ია კმაყოფილი. იქამდე, მიშუსტინით კმაყოფილი იყო გამოკითხულთა 51%.

მასალების გადაბეჭდვის წესი