რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, რომლებსაც რუსეთში ყოფნისას კორონავირუსი დაუდგინდათ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ეს არის „კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ რუსეთის ეროვნული გეგმის ნაწილი“, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა მოაწერა ხელი.

რუსეთმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ადამიანი ჩინეთის მოქალაქეა.

რუსეთს თითქმის 200-მდე პირდაპირი რეისი აქვს გაუქმებული ჩინეთთან, სახმელეთო საზღვრის დიდი ნაწილი კი ჩაკეტა სამგზავრო ტრაფიკისთვის.

ამასთან, მიშუსტინის გეგმის ფარგლებში, ხელისუფლებამ შესაძლოა გადადოს 12-14 თებერვალს დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმი სოჭში.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად მსოფლიოში 305 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი, ფილიპენბში, დანარჩენი კი -ჩინეთში.

ვირუსი ლაბორატორიულად ჩინეთში დაუდგინა 14 ათასამდე ადამიანს. ვირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC-ს რეკომენდაციები კორონავირუსზე