ახალი ამბები

შსს 20-21 ივნისის “ამბოხების საქმეზე” სააკაშვილის შესაძლო ხელმძღვანელობის საკითხს შეისწავლის

13 იანვარი, 2020 • 2312
შსს 20-21 ივნისის “ამბოხების საქმეზე” სააკაშვილის შესაძლო ხელმძღვანელობის საკითხს შეისწავლის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის, რომელიც გუშინ, 13 იანვარს გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს:

“გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – განმარტავენ შსს-ში.

მიხეილ სააკაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიეაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთი პირია ბრალდებული, მათ შორის, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია და  ირაკლი ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი