ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ შეცვლის ხაჯიმბას – რა ხდება აფხაზეთში

13 იანვარი, 2020 • 4096
ვინ შეცვლის ხაჯიმბას – რა ხდება აფხაზეთში

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ აფხაზეთში ელოდებიან 22 მარტს დაგეგმილ არჩევნებს, იქამდე კი, საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებას.

დღევანდელ, 13 იანვრის სხდომაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს და იმსჯელა იმის შესახებ, თუ ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეასრულებს.

ვის სურს პრეზიდენტობა? 

აფხაზეთში  საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე მეტი რჩება, შესაბამისად, კანდიდატურებზე საუბარი აქტიურად ჯერ არ დაწყებულა. დღეს, 13 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თავად რაულ ხაჯიმბა არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს. ვინ იქნება სახელისუფლებო კანდიდატი, ჯერ არ არის ცნობილი.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ის ასლან ბჟანია იქნება, რომელმაც შესაძლო მოწამვლისა და ხანგრძლივი მკურნალობის გამო 2019 წლის აგვისტოში არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. ბჟანია დღეს აფხაზური გაერთიანებული ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.

საკუთარი კანდიდატურა უკვე დაასახელა დე ფაქტო შს ყოფილმა მინისტრმა ლეონიდ ძიაპშიპამ, რომელმაც წინა არჩევნების დროს ხმების დაახლოებით 4% მიიღო.

საპრეზიდენტო ამბიციები აქვს ასევე სოხუმის ყოფილ მერს, ადგურ ხარაზიას, რომლის კანდიდატურის დასახელებასაც მოელიან აფხაზეთში.

ასევე, აფხაზურ საზოგადოებაში ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის კანდიდატურის წარდგენასაც მოელიან, თუმცა, ვინ შეიძლება ის იყოს, ამის შესახებ ღიად ჯერ არ საუბრობენ.

მოქალაქეები კმაყოფილი არიან, რომ დაპირისპირება არ მოხდა

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, მოქალაქეებს დაპირისპირების საფრთხის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა კრემლის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან მშვიდობიანმა გადადგომამ საზოგადოება დაამშვიდა, ოპოზიციის მხარდამჭერები კი  გაახარა.

ხაჯიმბას გადადგომა

სანამ ხაჯიმბა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი “სიტუაციის დასაწყნარებლად” ჩავიდა. 12 იანვარსვე, ხაჯიმბას გადადგომამდე, მის რეზიდენციაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ინიციატივით, ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა, სადაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიცია საპროტესტო აქციებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დარბევით ცდილობდა ხაჯიმბას ეიძულებინა, პოსტიდან წასულიყო. მეტიც, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავდა, რომლის მიხედვით, 8 სექტემბრის არჩევნების შედეგები უკანონოდ იყო ცნობილი.

“გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სახელისუფლებო შენობების შტურმისა და უზენაეს სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე”, – აცხადებდა ჯერ კიდევ ორი დღის წინ  რაულ ხაჯიმბას პრესცენტრი და აღნიშნავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლიდა, მოძებნილიყო პოლიტიკური სტაბილიზაციის გზები აფხაზეთში.

თუმცა გადადგომის შესახებ განცხადებაში ხაჯიმბა უკვე საუბრობდა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიიღო სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით.

ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ვიცეპრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა.

რა მოხდა იქამდე

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში, რომელიც ოპოზიციის სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ განიხილეს, როდესაც პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხემ იმატა.

ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას. ხაჯიმბას გადადგომა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარალამენტის შენობა შტურმით აიღეს.

რუსეთის როლი

დღეს აფხაზეთში ნაკლებად საუბრობენ რუსეთის როლზე მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებისა და მართვის საკითხში, თუმცა პოლიტიკური წრეებშიც და, ზოგადად, მოქალაქეებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე, მკვეთრად ანტირუსულ პოლიტიკას არ გაატარებს.

ასლან ბჟანია; ფოტო: ekhokavkaza

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი