ახალი ამბები

“ანას ბაღთან” აქციაზე 6 პირი დააკავეს

10 იანვარი, 2020 • 1522
“ანას ბაღთან” აქციაზე 6 პირი დააკავეს

ვარკეთილში “ანას ბაღთან” გამართულ აქციაზე პოლიციამ დღეს, 10 იანვარს, ჯამში, 6 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ხოლო 2 პირი 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც “ანას ბაღის” გადასარჩენად ორგანიზებული ჯგუფი ფეისბუქზე წერს, კერძო დაცვის 50-მდე თანამშრომელმა “ანას ბაღის” მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის შესასვლელიდან ძალით გაიყვანა თეთრი მიკროავტობუსი და სამშენებლო ტრაქტორს მისცა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება.

ამის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“როგორც ჩანს, გზას უმზადებენ მიწისმთხრელს. ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! მოგმართავთ მთელ ვარკეთილს, მთელ თბილისს, ამ ბრძოლის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ქალაქის ხელისუფალთ და ფულის ტომრებიან მოძალადე ბიზნესმენებს ვანახოთ, ვისია ეს ქალაქი”, – წერს საორგანიზაციო ჯგუფი ფეისბუკზე.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი